About

        წინამდებარე ვებგვერდზე წარმოდგენილია პროექტის - “საერთაშორისო
        ჰუმანიტარული სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის
        კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის” - შედეგები. პროექტი განხორციელდა
        ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის, ნიუქასლის უნივერსიტეტის
        (დიდი ბრიტანეთი) ხელოვნებისა და კულტურის სკოლასთან არსებულ
        კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრისა და
        დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ერთობლივი ძალისხმევით.
        იგი დაფინანსდა ეკონომიკური და სოციალური კვლევების საბჭოს (ESRC) Impact
        Acceleration Account (IAA) (გრანტის ნომერი (ES/M500513/1) მიერ ნიუქასლის
        უნივერსიტეტის მეშვეობით.
        
        პროექტი მიზნად ისახავდა ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობისთვის
        მიყენებული ზიანის კვლევას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული
        ფასეულობის დაცვის შესახებ 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ორი ოქმის
        (1954, 1999) ჭრილში.
        
        ვებგვერდზე განთავსებულია ანგარიში - ,,საერთაშორისო ჰუმანიტარული
        სამართლის განხორციელება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კულტურული
        მემკვიდრეობის დაცვისათვის”, ვრცელი დანართებით, სადაც წარმოდგენილია
        თითოეული ობიექტის დაზიანება მოძიებული ინფორმაციის წყაროებით და ონლაინ
        მონაცემთა ბაზა რუკით, რომელზეც დატანილია ცხინვალის მთელ რეგიონში
        არსებული რეგისტრირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ ობიექტი.
        
        ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება საყურადღებო
        მრავალი მიზეზის გამო ხდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გუნდმა
        გააანალიზა რეგიონში არსებული 700-ზე მეტი ობიექტის მონაცემები და შეისწავლა
        მემკვიდრეობის დასაცავად ადგილობრივიდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
        განხორციელებული ქმედებები. სხვადასხვა წყაროს ანალიზის შედეგად, რომელიც
        მოიცავს თვითმხილველთა ანგარიშებს, ინტერვიუებს, მედიას, სოციალურ მედიას,
        არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
        გამოქვეყნებულ ანგარიშებს, სატელიტური გამოსახულების ანალიზს Google Earth-ის
        მეშვეობით და UNOSAT-UNITAR-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს - დგინდება, რომ
        კულტურულ მემკვიდრეობასზიანი მიადგა არა მხოლოდ საომარი მოქმედებების
        დროს 2008 წელს, არამედ მის შემდეგ პერიოდშიც და ეს პროცესი დღემდე
        გრძელდება.
        
        საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ დაზიანების ფაქტორებია: უკანონო
        ჩარევები, რაც იწვევს ისტორიული ქსოვილის შეცვლას, სამხედრო ობიექტების
        მშენებლობა ობიექტებთან ახლოს და, ზოგადად, ძეგლების მოუვლელობა. ყოველი
        მათგანი სერიოზულ რისკს უქმნის ცხინვალის რეგიონის კულტურული
        მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
        
        კულტურული მემკვიდრეობის თანდათანობითი დაზიანება დანაკარგის უფრო
        ფართო ნარატივის ნაწილია. იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ქმნიდნენ,
        ფლობდნენ და იყენებდნენ კულტურულ მემკვიდრეობას - რომელთა წინაპრებმაც
        ააშენეს ის ადგილები, რომლებიც ლოცულობდნენ იქაურ ეკლესიებსა და სინაგოგაში -
        
        მნიშვნელოვნად არის დაზარალებული კონფლიქტის შედეგად და ეს ზიანი, სხვა
        პირველადი საჭიროებების ფონზე, ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ამ საზოგადოებებმა
        დაკარგეს არა მხოლოდ წვდომა მათთვის მნიშვნელოვან ძეგლებთან, არამედ მათი
        ტრადიციები და ცხოვრების წესი, რომლებიც თაობებს გადაეცემოდა, დარღვეულია
        და, ზოგიერთ შემთხვევაში, სამუდამოდ დაკარგვის რისკის წინაშეა. ისტორიული
        ქართული სოფლების განადგურება, ძეგლების ავთენტური ქსოვილის დაკარგვა და
        ეკლესიების სახეცვლილება ერთიანი ლანდშაფტის უფრო მასშტაბური ცვლილების
        ნაწილია, რაც ასევე დასტურდება ადგილის სახელების შეცვლითა და ისტორიული და
        რელიგიური გადმოცემების გარდაქმნით.
        
        ნებისმიერი ძალისხმევა მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით
        ფერხდება მათზე ხელმიუწვდომელობის გამო, რაც თავისთავად განპირობებულია
        არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. აგრეთვე, გართულებულია
        მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის მონიტორინგი. 1990-იანი წლების
        დასაწყისიდან და განსაკუთრებით 2008 წლიდან მოყოლებული, ხელმისაწვდომობის
        არარსებობის გათვალისწინებით, საქართველოსთვის შეუძლებელი იყო და დღემდე
        შეუძლებელია რაიმე პროგრესის მიღწევა 1954 წლის ჰააგის კონვენციის
        განსახორციელებლად კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის.
        ცხინვალის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის დეტალური
        ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში დასკვნის სახით მოცემულია მემკვიდრეობის
        დაცვის გაუმჯობესების რეკომენდაციები, რაც ეფუძნება როგორც საერთაშორისო
        სამართლის არსებული ინსტრუმენტების შესრულებას, ისე - საუკეთესო
        გამოცდილებას.
        
        ავტორთა გუნდი:
        მანანა თევზაძე (ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი), სალომე
        მელაძე და ბადრი გასპაროვი (დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი), ემა
        ქანლიფი (კულტურული ფასეულობის დაცვისა და მშვიდობის იუნესკოს კათედრა,
        ნიუქასლის უნივერსიტეტი).
        მკვლევარ-ასისტენტები: თამარ სოფრომაძე (ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული
        კომიტეტი), იასამან ნაბატი და ლინ ედვარდსი (კულტურული ფასეულობის დაცვისა
        და მშვიდობის იუნესკოს კათედრა, ნიუქასლის უნივერსიტეტი).
        
        * * * * *
        
        ავტორთა შენიშვნა:
        
        გაცნობებთ, რომ ვებგვერდიც და ანგარიშიც არ ატარებს საბოლოო სახეს და ჯერ
        კიდევ დამუშავების პროცესშია. პერიოდულად მოხდება ორივე მათგანის განახლება.
        ჩვენ მადლობელი ვიქნებით თქვენი გამოხმაურებისთვის და ველით თქვენს
        ხელახალ ვიზიტს.
        
        შენიშვნებისა და შეკითხვებისათვის, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.
        
        ანგარიშის რეზიუმე ქართულ ენაზე